Imedi
ISIS: ამიერიდან ჩვენ სალიკვიდაციო სიაში სხვადასხვა ცნობილი ადამიანი იქნება
მსოფლიო
დორტმუნდში, გერმანელი ფეხბურთელების ავტობუსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, სამართალდამცავები ისლამისტურ კვალს ეძებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნაპოვნ წერილში, რომელიც იწყება სიტყვებით "გულმოწყალე ალაჰის სახელით", ტერორისტები იტყობინებიან, რომ "ამიერიდან "ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები იქნებიან, როგორც გერმანიაში ისე სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში". წერილში ასევე ლაპარაკია 2016 წლის დეკემბერში ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტსა და ერთ-ერთი გერმანული სამხედრო თვითმფრინავის მიერ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრების მოკვლაზე. წერილის ავტორების თქმით, ისინი მანამ გააგრძელებენ თავდასხმებს, სანამ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები არ დატოვებენ სირიას და არ დაიხურება გერმანული ბაზა "რამშტაინი".
გერმანელი სამართალდამცავები წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიება აღნიშნულ აფეთქებებში ისლამური სახელმწიფოს კვალს ეძებს.
გერმანულ მედიაში გუშინ კიდევ ერთი წერილი გავრცელდა, რომელიც ანტიფაშისტურ ონლაინპორტალზე განთავსდა. წერილის თანახმად, სპორტსმენების ავტობუსის სიახლოვეს მომხდარი აფეთქებები მიმართული იყო დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელების ტოლერანტული დამოკიდებულების წინააღმდეგ, რომელიც მათ რასისტებისა და ულტრა-მემარჯვენებეების მიმართ აქვთ.
გუშინ, ქალაქ დორტმუნდში, სამმა აფეთქებამ დააზიანა ავტობუსი, რომლითაც დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაყავდათ.
დაშავებულია ერთი ფეხბურთელი - მარკ ბარტრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების "ბორუსიისა" და "მონაკოს" თამაში დღისთვის გადაიდო. გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში უნდა დაუპირისპირდნენ.





