რომის პაპმა უსახლკაროებისთვის სამრეცხაო გახსნა
მსოფლიო

რომის პაპი ფრანცისკე
ვატიკანმა უსახლკაროებისთვის პაპის რეზიდენციასთან ახლოს უფასო სამრეცხაო გახსნა, - იუწყება Euronews. პროექტში საზოგადოებრივ საწყისებზე მონაწილეობა მიიღო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთმა მსხვილმა ფირმამ. მან უსახლკაროებისთვის გამოყო: სარეცხი მანქანები, საშრობები, უთოები. პროექტის ამოქმედებას ხელი შეუწყო კათოლიკურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ.
„დღეს ამ ცენტრში ვიყავი, რომელიც პაპმა გაგვიხსნა, გავირეცხე სარეცხი, გავიშრე, გავიუთოვე და შენობიდან სუფთა და კმაყოფილი გამოვედი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პაპს, რომ მან ამის საშუალება მისცა იმ ადამიანებს, ვისაც სახლი არ აქვთ“.
პაპი ფრანცისკე მუდამ მოუწოდებს საზოგადოებას და ორგანიზაციებს დაეხმარონ უპოვრებს, პონტიფექსმა 2013 წელს ვატიკანთან ახლოს გახსნა უფასო საპარიკმახერო სალონი და საშხაპეები, 2015 წელს კი - წმინდა პეტრეს ტაძართან საერთო საცხოვრებელი.





