imedi
ტრამპი: სირიაში შეჭრას არ ვაპირებთ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს სირიაში შეჭრას, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას სირიის სამხედრო ბაზებზე ავიადარტყმების ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox-ს განუცხადა. „ჩვენ არ შევდივართ სირიაში, მაგრამ როცა მე ვნახე, რომ გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ვნახე როგორ კვდებიან ბავშვები მამების ხელში, მაშინვე დავურეკე თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისს,“- დასძინა ტრამპმა.
ტრამპის აზრით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შესაბამისის ზომები უნდა მიეღო. „ის, რაც მე გავაკეთე, ობამას ადმინისტრაციას უნდა გაეკეთებინა ბევრად უფრო ადრე,“- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „სირია ახლა ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე ადრე.“
დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო მოსკოვი გააკრიტიკა. „ სადისთვის რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა, ახლა პრობლემები აღარ იქნებოდა,“- დასძინა პრეზიდენტმა.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე ("ალ შაირატი") სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა (Tomahawk-ი) გაუშვა.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს.
სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.





