გერმანიის პოლიცია დორტმუნდში ტერაქტის ვერსიას ამ ეტაპზე არ ადასტურებს
მსოფლიო

დორტმუნდი
გერმანიის პოლიცია ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ დორტმუნდში მომხდარი აფეთქება ტერაქტი იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ქალაქის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს. „ტერორისტული თავდასხმის რისკი ახალი არ არის, ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით. არ მინდა ვივარაუდო, რომ ეს ტერაქტი იყო. გამოძიება მაღალპროფესიულ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ფრთხილად ვიყოთ“, - განაცხადა დორტმუნდის პოლიციის უფროსმა.
ამასთან, დორტმუნდში მომხდარი აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილის ავტორი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ სააგენტო AP-ი პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე სააგენტო Reuters-მა ასევე პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების ადგილას წერილი იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.
დორტმუნდის პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმის დროს „სერიოზული ასაფეთქებელი საშუალებები“ იყო გამოყენებული. როგორც პოლიციის პრესრელიზშია ნათქვამი, ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, დამალული იყო გაჩერებასთან. პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ ეს აფეთქებები საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
გუშინ ქალაქ დორტმუნდში, სამმა აფეთქებამ დააზიანა ავტობუსი, რომლითაც დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაჰყავდათ. დაშავებულია ერთი ფეხბურთელი - მარკ ბარტრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აფეთქების „ბორუსიისა“ და „მონაკოს“ თამაში დღისთვის გადაიდო. გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში უნდა დაუპირისპირდნენ.





