პუტინი: დასავლეთს სირია და რუსეთი საერთო მტრის როლში ჰყავს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ სირიის აეროდრომზე დარტყმის თაობაზე, დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგების მიზნით ცხადდება. ინფორმაციას გამოცემა ТАСС-ი აქვეყნებს.
"ყველას უნდა დასავლეთთან კარგი ურთიერთობის აწყობა, რადგანაც აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წყალობით, ევროპულ ქვეყნებს არჩევნების პერიოდში, ანტიტრამპული პოზიცია ეკავათ...ძალიან კარგი პლატფორმაა კონსოლდაციისთვის - სირია და რუსეთი საერთო მტერია. მშვენიერია! ჩვენ მზად ვართ მოვითმინოთ",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციის ფარგლებში პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა იდლიბის პროვინციაში სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებაზე. "ამასთან დაკავშირებით ჩვენი ბრწყინვალე მწერლები ილფი და პეტროვი მახსენდება. მინდა ვთქვა: "მოსაწყენია გოგოები - ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ", - განაცხადა პუტინმა.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს. დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, სირიაზე თავდასხმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში "დამთბარ" პოლიტიკაზე. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ავიაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა. ვლადიმერ პუტინმა კი ავიარიეშს ამერიკის აგრესია უწოდა. ამასთან, რუსეთმა უარყო ბაშარ ასადის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც მსოფლიოს ლიდერების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.





