imedi
ტილერსონი: რუსეთმა შტატებსა და ასადს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს
მსოფლიო

რექს ტილერსონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთს ულტიმატუმს უყენებს და არჩევანს სთავაზობს - თანამშრომლობა აშშ-სთან ან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. ამის შესახებ ტილერსონმა რუსეთში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა განცხადება. ინფორმაციას ABC news ავრცელებს.
რექს ტილერსონის თქმით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს: დადგეს აშშ-ის გვერდით თუ დაუჭიროს მხარი ირანს, ჰეზბოლას დაჯგუფებასა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს.
"ჩვენ სირიის მოქალაქეებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესება გვსურს. რუსეთს კი შეუძლია ამ საქმეში დიდი როლი ითამაშოს. ან მხარი დაუჭიროს სირიის ლიდერს, რომელიც ჩვენი აზრით, არ აპირებს რუსეთის ინტერესების დიდხანს გატარებას," - განაცხადა ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, დღეს მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ოფიციალური შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრები ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
რამდენიმე დღის წინ, რექს ტილერსონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ "ოფიციალურმა მოსკოვმა არ შეასრულა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება. რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის თანამონაწილე იყო, ან არაკომპეტენური აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო მოკავშირის ქიმიურ იარაღთან წვდომის აღკვეთა."
უცხოური მედია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ტილერსონის ვიზიტი ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და აშშ-ის მიერ სირიაზე მიტანილი ავიაიერიშის განხორციელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგება.





