დიდი შვიდეულის სამიტზე ასადის იზოლაციაზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კავშირთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის იზოლაციას დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება, თურქეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, იორდანიისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მსჯელობის შემდეგ მიიღეს. ეს ქვეყნები ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან, რომელთაც სირიაში 6-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულება სურთ.
გამოცემის ცნობით, ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიალოგი გაიმართა, რომელზეც რუსეთის მიერ ასადის რეჟიმთან კავშირების გაწყვეტის შესახებ ილაპარაკეს. სამიტის დაწყებისას, კანადისა და ბრიტანეთის მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემა, თუკი ის სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს. დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, სირიაზე თავდასხმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში "დამთბარ" პოლიტიკაზე. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ავიაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა. ვლადიმერ პუტინმა კი ავიარიეშს ამერიკის აგრესია უწოდა. ამასთან, რუსეთმა უარყო ბაშარ ასადის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც მსოფლიოს ლიდერების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.





