imedi
Amnesty International: 2016 წელს მსოფლიოში სიკვდილით 1032 ადამიანი დასაჯეს
მსოფლიო

Amnesty International-ის ცნობით, 2016 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი შემცირდა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 3117 ადამიანს შეეფარდა სიკვდილით დასჯა. მათგან 1032 ადამიანის განაჩენი მოიყვანეს სისრულეში მსოფლიოს 25 ქვეყანაში.
ორგანიზაციის ცნობით, ეს მაჩვენებელი 2015 წელთა შედარებით რამდენიმე ასეულით ნაკლებია - 2015 წელს ადამიანის სიკვდილით დასჯის 1634 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1989 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი სიკვდილით ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, ერაყსა და პაკისტანში დასაჯეს. მათ შორის, პირველ ადგილზე ჩინეთია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლევისას სრული წვდომა არ ჰქონიათ ჩინეთში სიკვდილმისჯილი ადამიანების შესახებ, რადგან ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
ჩინეთის გარდა, სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ირანში - 567 ადამიანი, საუდის არაბეთში - 154 ადამიანი, ერაყში - 88 ადამიანი და პაკისტანში - 87 ადამიანი.
Amnesty International-ის განცხადებით, 2006 წლის წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიის 5-ეულში არ არის, ეს კი დადებით ტენდენციად დახასიათდა. შტატებში გასულ წელს 20 ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილი. ამ მაჩვენებლით კი ქვეყანამ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ქვეყნების 2/3-ში მიდის სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების პროცესი.





