imedi
რუსეთმა თურქეთთან ჩარტერული რეისები შესაძლოა მეორედ შეაჩეროს
მსოფლიო

როსავიაციამ ავიაკომპანიები თურქეთში ჩარტერული რეისების შესაძლო შეჩერების შესახებ გააფრთხილა. ცნობას РИА ავრცელებს. მიზეზად ქვეყანაში რთული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა სახელდება.
ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაციას ჯერ არ ფლობს ტურიზმის სექტორი. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ლომიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ასეთი გაფრთხილება თურქეთში 16 აპრილის პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს.
16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმია დაგეგმილი. რეფერენდუმი თურქეთის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზრდის.
რუსეთმა თურქეთთან ჩარტერული რეისები ერთხელ უკვე გააუქმა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდო. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფდა.
თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთმა თურქეთთან მოქმედი უვიზო რეჟიმი შეაჩერა, გააუქმა ჩარტერული რეისები, ასევე აკრძალა თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის შეტანა. სანქციები 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდა, როცა იმავე წლის ზაფხულში თურქეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს ბოდიშის წერილი გაუგზავნა.





