imedi
თურქეთში სამხედრო გადატრიალებისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება
მსოფლიო

აქცია სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღდეგ, 2016 წ. 26 ივლისი
თურქეთის ხელისუფლება, 2016 წლის 15-16 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა პატივსაცემად, მუზეუმის აშენებას გეგმავს. მუზეუმი ვიზიტორების მიღებას 2018 წლის ბოლოსთვის შეძლებს. ინფორმაციას Arabnews-ი თურქულ გამოცემა Anadolu-ზე დაყრდნობით წერს.
"დემოკრატიისა და 15 ივლისს დაღუპულთა მუზეუმის" მშენებლობა ივნისში დაიწყება და ის 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, ანკარასთან ახლოს განთავსდება. გამოცემის ცნობით, მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ტურიზმის სამსახურს შორის მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში განთავსდება როგორც მუდმივი ინსტალაციები, ისე დროებითი. მუზეუმში იგეგმება ბიბლიოთეკის, სუვენირების მაღაზიისა და კაფეს გახსნაც.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 113 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის 10 ათას 700 პოლიციელია, 7 ათას 600 სამხედრო მოსამსახურე, 168 გენერალი, 2 ათას 500 მოსამართლე და პროკურორი, 208 ჩინოსანი და 26 ათას 100 სამოქალაქო პირია.





