სტოკჰოლმის პოლიციამ ტერორისტის ვინაობა გაასაჯაროვა
მსოფლიო

7 აპრილს, სტოკჰოლმში, ტერორისტული აქტი უზბეკმა რაჰმატ აკილოვმა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტოკჰოლმის პოლიცია ავრცელებს. მათი ცნობით, აკილოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებლებს.
პოლიციამ ტერაქტის მოწყობისთვის მეორე პირიც დააკავა, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
პოლიციამ რაჰმატ აკილოვი ტერაქტის დღესვე დააკავა, თუმცა მის სახელს არ ახმაურებდნენ. ცნობილი მხოლოდ მისი წარმომავლობა იყო. ის უზბეკეთიდანაა და 2014 წელს, შვედეთს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, მაგრამ 2016 წლის ივნისში პასუხად უარი მიიღო. 2017 წლის თებერვალში კი შვედეთის მიგრაციის სამსახურმა მისი საქმე პოლიციას გადასცა, რათა ქვეყნიდან გაეძევებინათ. მას შემდეგ, 39 წლის რაჰმატ აკილოვს სამართალდამცველები ეძებნდნენ.
Aftonbladet-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულს 4 შვილი ჰყავს. მისი ნაცნობების ინფორმაციით, არასდროს ლაპარაკობდა რელიგიაზე და მხოლოდ სამუშაო აინტერესებდა, რათა შვილებისთვის სამშობლოში ფული გაეგზავნა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ სიმპათიებს გამოთქვამდა. მის Facebook-ზე აღმოაჩინეს ექსტრიმისტების აგიტაციური მასალა, ასევე ის, რომ 2013 წელს ბოსტონის ტრაგედიის ამსახველ ფოტოებს იწონებდა.
7 აპრილს ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრალურ ადგილას, სატვირთო მანქანა ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 4 და დაშავდა 15 ადამიანი. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი 11 წლის გოგოა.





