imedi
ტილერსონი: აშშ-ის სარაკეტო იერიშებზე რუსეთის რეაქციით იმედგაცრუებული ვარ
მსოფლიო

რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, სირიაში აშშ-ის სარაკეტო იერიშის თაობაზე რუსეთის საპასუხო რეაქციით იმედგაცრუებულია, მაგრამ არა გაკვირვებული. ინფორმაციას ABC-ი ავრცელებს.
ტილერსონის განცხადებით, სირიაში აშშ-ის სარაკეტო იერიშებზე რუსეთის საპასუხო რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ცნობილია, სირიაში აშშ-ის სარაკეტო იერიშების შემდეგ, რუსეთმა სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაშინტონის ქმედებები საჯაროდ დაგმეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ქმედებებს სირიის კრიზისის მოსაგვარებლად "უგუნური მიდგომა" უწოდა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში სირიაში აშშ-ის სარაკეტო იერიშები „ფარისევლობად“ შერაცხა.
7 აპრილს, დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია რაკეტებით დაბომბეს. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, მათ სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. ეს ქმედება სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე პასუხი იყო.
სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.





