პრესა: აშშ-ის ხელისუფლება კიმ ჩენ ინის განადგურების გეგმას განიხილავს
მსოფლიო

კიმ ჩენ ინი
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ბირთული პროგრამის წინააღმდეგ მიმართული გეგმა გააცნო. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ი სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამ გეგმაში სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ფიზიკური განადგურებაც შედის. ასევე განიხილება ჩრდილოეთ კორეის სიახლოვეს ბირთული ბომბის განლაგება. 25 წლის წინ აშშ-მა სამხრეთ კორეიდან მასობრივი განადგურების იარაღი გაიტანა და ამ ახალი გეგმის მიხედვით, ტრამპს სწორედ ამ იარაღის განთავსებას სთავაზობენ ოცანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სეულიდან 70-თ კილომეტრში მდებარეობს.
NBC-ი საიდუმლო გეგმის კიდევ ერთ ნაწილს ავრცელებს, რომლიც მიხედვითაც, ამერიკის და სამხრეთ კორეის სპეცნაზები ჩრდილოეთ კორეაში დივერსიული აქტების მოწყობისთვის უნდა შევიდნენ. კერძოდ, მოხდება მობილური სარაკეტო მოწყობილობების გაუვნებელყოფა.
17 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ძალიან ცუდად იქცევა. იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა არ გამორიცხა ამერიკის მხრიდან სამხედრო ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი სამხრეთ კორეას და იქ განთავსებულ ამერიკულ ბაზებს საფრთხეს შეუქმნიდა.
2016 წლის დასაწყისიდან, ჩრდილოეთ კორეამ 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთული ცდა ჩაატარა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





