imedi
გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდა
მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ბოლივიის ინიციატივით, სირიაში აშშ-ის სარაკეტო დარტყმების გამო მოიწვიეს, მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთბრალდებების ფონზე გაიმართა.ამის შესახებ BBC-ი იუწყება. „ამერიკა მიაღწევს იმას, რომ ბაშარ ასადმა ქიმური იარაღი აღარ გამოიყენოს,“-განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების და გავრცელების აღმოფხვრა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის. „ჩვენ მზად ვართ მეტი გავაკეთოთ, თუმცა იმედი გვაქვს,რომ ეს საჭირო არ გახდება,“-დასძინა ჰეილიმ. მან ასევე ასადის მხარდაჭერისთვის რუსეთი და ირანი გააკრიტიკა.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმერ საფრონკოვმა კი აშშ-ის ქმედებებს უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი იერიშები ტერორისტების ინტერესებში შედის. „თქვენი ცალმხრივი ქმედებები საშინელ ტრაგედიას გამოიწვევს,“- განაცხადა საფრონკოვმა.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეტიუ მაიკროფტმა აშშ-ის დარტყმებს „გაუაზრებელ აქტზე პროპორციული პასუხი“ უწოდა.
ექიმების ბოლო ინფორმაციით, 4 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, რომელშიც სირიის ოპოზიცია და დასავლეთი ბაშარ ასადს ადანაშაულებს, იდლიბის პროვინციაში 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. სირიის ხელისუფლება ქიმიურ თავდასხმასთან თავის კავშირს უარყოფს.
7 აპრილს, გამთენიისას, აშშ-მა სირიის შაირატის სამხედრო აეროდრომი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. მანამდე ვაშინგტონმა დამასკო იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.





