მედვედევი: სირიის ავაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა
მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე დაწერა, რომ აშშ-მა სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშის მიტანით საერთაშორისო სამართალი დაარღვია და რუსეთი და ამერიკა "საბრძოლო შეტაკებების ზღვარზე" დააყენა.
მედვედევის თქმით, ვაშინგტონმა არამხოლოდ გაეროს თანხმობის, არამედ აშშ-ის კონგრესის თანხმობის გარეშეც იმოქმედა. ამერიკელების ავიაიერიშს აგრესიის აქტი უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც.
"მთავარ მტერთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ყბადაღებული ერთობლივი ბრძოლის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სირიის კანონიერ ხელისუფლებასთან გამალებულ ბრძოლას აპირებს", - დაწერა მედვედევი.
7 აპრილს, გამთენიისას, აშშ-მა სირიის შაირატის სამხედრო აეროდრომი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. მანამდე ვაშინგტონმა დამასკო იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაზე ქიმიური თავდასხმა მოხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დაიღუპა სულ ცოტა 70 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი. ასობით ადამიანი დაშავდა.





