ასადის ადმინისტრაცია: სარაკეტო დარტყმა სიბრმავეზე მეტყველებს
მსოფლიო

ბაშარ ასადი
"სარაკეტო დარტყმა უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელი იყო, რაც მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლომხედველობაზე და პოლიტიკურ და სამხედრო სიბრმავეზე მეტყველებს. ეს აშკარა აგრესიაა, რაც ტერორიზმთან ბრძოლას ძირს გამოუთხრის", - ნათქვამია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სირიის მთავრობა კიდევ ერთხელ უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე ("ალ შაირატი") სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა (Tomahawk-ი) გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო იერიშის შედეგად, სირიის ავიაბაზა "ალ შაირატზე" განადგურდა სასწავლო კორპუსი, სასადილო, სარემონტო ანგარი და სარემონტო 6 თვითმფრინავი Миг-23. ავიაბაზამდე 23-მა რაკეტამ მიაღწია. სად ჩამოვარდა 36 "ტომაჰავკი", უცნობია, - იუწყება Вести.
ჰომსის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი - 5 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა ამდენივე, - იუწყება Россия 24.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი, ბრალდებებს უარყოფს.
სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.





