რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშის შედეგების კადრები გაავრცელეს
მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა ამერიკელების მიერ სირიის ავიაბაზა "ალ შაირატის" დაბომბვის შედეგების კადრები გაავრცელეს. ვიდეოს ტელეარხი Звезда YouTube-ზე აქვეყნებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო იერიშის შედეგად, სირიის ავიაბაზა "ალ შაირატზე" განადგურდა სასწავლო კორპუსი, სასადილო, სარემონტო ანგარი და სარემონტო 6 თვითმფრინავი Миг-23. ავიაბაზამდე 23-მა რაკეტამ მიაღწია. სად ჩამოვარდა 36 "ტომაჰავკი", უცნობია, - იუწყება Вести.
ჰომსის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი - 5 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა ამდენივე, - იუწყება Россия 24.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი გაუშვა.
პენტაგონმა ვიდეოკადრები გაავრცელა. რუსული მედია მსხვერპლის შესახებ იუწყება.
დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება მოქალაქეებისადმი სპეციალურ მიმართვაში განმარტა.
"მრავალწლიანი მცდელობა, ასადის რეჟიმს საკუთარი ქცევა შეეცვალა, მკვეთრად წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად, ლტოლვილთა კრიზისი ღრმავდება და რეგიონში დესტაბილიზაცია გრძელდება, რაც აშშ-ს და მის მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის. გავეცი იერიშის ბრძანება, იმ აეროდრომზე, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ეს შტატების ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია - მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გავრცელების პრევენცია და შეზღუდვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"რუსული მხარე გავაფრთხილეთ. აეროდრომზე რუსი თუ სირიელი პერსონალის უსაფრთხოების ზომები მივიღეთ", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი მოსკოვისგან თანხმობას არ ელოდებოდა.
"მოსკოვმა არ შეასრულა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება. რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის თანამონაწილე იყო, ან არაკომპეტენური აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო მოკავშირის ქიმიურ იარაღთან წვდომის აღკვეთა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, საზარელი ქმედებების საპასუხოდ, გადამწყვეტი ზომები მიიღოს", - განაცხადა რექს ტილერსონმა.
სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი, ბრალდებებს უარყოფს.





