imedi
შტატებმა ასადის რეჟიმის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა
მსოფლიო

პენტაგონი
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან "ტომაჰავკის" ტიპის 50-60 რაკეტა გაუშვა.
პენტაგონმა ვიდეოკადრები გაავრცელა. რუსული მედია მსხვერპლის შესახებ იუწყება.
დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება მოქალაქეებისადმი სპეციალურ მიმართვაში განმარტა.
"მრავალწლიანი მცდელობა, ასადის რეჟიმს საკუთარი ქცევა შეეცვალა, მკვეთრად წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად, ლტოლვილთა კრიზისი ღრმავდება და რეგიონში დესტაბილიზაცია გრძელდება, რაც აშშ-ს და მის მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის. გავეცი იერიშის ბრძანება, იმ აეროდრომზე, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ეს შტატების ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია - მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გავრცელების პრევენცია და შეზღუდვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"რუსული მხარე გავაფრთხილეთ. აეროდრომზე რუსი თუ სირიელი პერსონალის უსაფრთხოების ზომები მივიღეთ", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვისგან თანხმობას არ ელოდებოდა.
სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი, ბრალდებებს უარყოფს.





