imedi
ლიბიაში ტერორისტების ტყვე ქალები გაათავისუფლეს
მსოფლიო

ლიბიის ხელისუფლებამ 28 ერითრეელი და 7 ნიგერიელი ქალი გაათავისუფლა. ექსტრემისტებს ისინი ქალაქ სირტში სექსუალურ მონობაში ჰყავდათ. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
„სიტყვები არ მყოფნის ჩემი ბედნიერების აღსაწერად. ჩემს ოჯახს ისევ ვნახავ და ახალი ცხოვრების დაწყებას შევძლებ“, - ამბობს 14 წლის აფრიკელი გოგო.
ყოფილი ტყვეების ცნობით, ექსტრემისტები აიძულებდნენ მათ ისლამის მიღებას და ამის შემდეგ ისლამისტ მებრძოლებზე ჰყიდდნენ. მათ ამცირებდნენ და აშიმშილებდნენ. მას შემდეგ, რაც ქალებმა ტყვეობიდან გაქცევა შეძლეს, ისინი პოლიციამ დააპატიმრა, რათა ტერორისტებთან მათი კავშირი დაედგინათ.
რამდენი ხანი იმყოფებოდნენ ქალები „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში, გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უმეტესობამ გაქცევა წინა წლის დეკემბერში შეძლო, როდესაც ლიბიის ხელისუფლებამ ქალაქი სირტი ტერორისტებისგან გაათავისუფლა.
სირტი - ქალაქი, სადაც დაიბადა და დაიღუპა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი. 2011 წლის შემდეგ, სირტი მუდმივად საომარი მოქმედებების ეპიცენტრი იყო. დაბომბვების შედეგად, ქალაქში არცერთი მთელი შენობა არ დარჩა.





