imedi
აშშ-მა იდლიბში ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ასადს დააკისრა
მსოფლიო

თეთრი სახლი, იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აბრალებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ბაშარ ასადის ასეთი უმსგავსო საქციელი, ამერიკის წინა ხელისუფლების სუსტი და გაუბედავი მოქმედებების ბრალია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა. მან აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი „წითელი ხაზის“ გადალახვად შეაფასა, მაგრამ არაფერი გააკეთა ამის შესაჩერებლად.
სპაისერმა არ დააკონკრეტა, რა გეგმა შეიმუშავა ტრამპის ადმინისტრაციამ, მაგრამ დასძინა, რომ ხელისუფლების ლიდერი ამ საკითხს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან განიხილავს.
იმავდროულად, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იდლიბის ქიმიური ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფებების და მათი მომხრეების მოწყობილია.
2 აპრილს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ასადის მმართველობას უნდა შეეგუოს.
„გაზის თავდასხმის“ შესახებ მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია: თვითმფრინავებმა, ოპოციზიის მიერ კონტროლირებად ქალაქ ჰან-შეიჰუნში, იდლიბის პროვინციაში, ავიაიერიშის დროს, ქიმიური იარაღი ისროლეს, რის შედეგადაც დაიღუპა 58 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის - ბავშებიც.
5 აპრილს იდლიბის ტერაქტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართება.





