მარინ ლე პენის და მისი მოწინააღმდეგეების მიტინგი ერთდროულად გაიმართა
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ათასზე მეტმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საფრანგეთის პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, მარინ ლე პენის მიერ მიტინგის გამართვას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მედიის თანახმად, საპროტესტო აქცია ლე პენის მიერ ორგანიზებული შეკრებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში გაიმართა. პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციაში 700 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით კი - 2 ათასი. ლე პენის ოპონენტებმა მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის" ლიდერი ფილიპ პუტუ იყო. გამოცემის თანახმად, მსვლელობის ბოლოს, აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მისამართით სხვადასხვა ნივთები ისროლა. ამის საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინციდენტის შედეგად დაკავებულია ათი ადამიანი.
მიუხედავად დემონსტრაციისა, ლე პენის მიტინგი შედგა, სადაც მან ტრადიციულად გააკრიტიკა ევროპული საიმიგრაციო პოლიტიკა.





