imedi
ჩეხეთის ელჩი მეუღლის სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო გაათავისუფლეს
მსოფლიო

ალენა ბორუვკა
ჩეხეთის ელჩმა შვედეთსა და ლიხტენშტაინში კარელ ბორუვკამ თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო ბრძანება, რომ აპრილის ბოლომდე უნდა დატოვოს თანამდებობა, იუწყება პორტალი Lidovky. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლუბომირ ზაორალეკმა თავისი თანამშრომელი დაადანაშაულა, რომ ის უძლურია გავლენა მოახდინოს ცოლზე ალენა ბორუვკაზე, რომელიც Twiter-ზე კრიტიკულ მოსაზრებებს აქვეყნებს.
„მე მივიღე ცნობა, რომ უნდა დავტოვო პოსტი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. სამინისტროში მაბრუნებენ, მინისტრთან პირადი მიმოწერის დროს არაერთხელ მისაყვედურეს, რომ ცოლი ვერაფრით მოვარჯულე და ვერ ავუკრძალე აქტიურობა სოციალურ ქსელში. სწორედ ეს გახდა მიზეზი თანამდებობიდან ჩემი სასწრაფო გადაყენების“, - თქვა ელჩმა.
მან ასევე დასძინა, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა: „საქმე ეხება ჩემი ცოლის პირად უფლებებს, ის კერძო პირია და არა საგარეო უწყების თანამშრომელი“, - აღნიშნა მან.
ჩეხეთის საგარეო სამინისტროს პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ბორუვკამ აპრილის ბოლომდე მართლაც უნდა დატოვოს თანამდებობა და სამშობლოში დაბრუნდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს.
კარელ და ალენა ბორუვკები, ისევე, როგორც ლუბიმირ ზაორალეკი, ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწეები არიან. ბოლო ხანებში ალენა ბორუვკა ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. ის ხშირად მკაცრად აკრიტიკებს თავისი პარტიის წევრებს, კოლეგებს, ასევე ჟურნალისტებს და სხვა პოლიტიკოსებსაც.





