imedi
სენატმა მაიკლ ფლინს იმუნიტეტის მინიჭებაზე უარი უთხრა
მსოფლიო

მაიკლ ფლინი
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს მაიკლ ფლინს ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBS-ი იუწყება. ფლინი ასეთ გარანტიას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ითხოვდა.
სენატში განაცხადეს, რომ ფლინის თხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა, თუმცა არ გამორიცხეს, რომ მომავალში ასეთი გარიგება მოხდეს. წარმომადგენელთა პალატაში განმარტეს, რომ ჯერ სხვა მოწმეები უნდა დაკითხონ და საჭირო დოკუმენტაცია მოიპოვონ. ტელეკომპანიის ცნობით, შესაძლოა საუბარი იყოს ფლინის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის შემცველ დოკუმენტებზე.
მაიკლ ფლინმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჩვენება მისცეს იმუნიტეტის სანაცვლოდ, რომ მასზე სისხლის სამართლის დევნა არ განხორციელდება. ტრამპმა ყოფილი მრჩევლის გადაწყვეტილება მოიწონა და განაცხადა, რომ კონგრესში მიმდინარე გამოძიება „კუდიანებზე ნადირობაა“.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. ფლინს პოსტის დატოვება რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრის გამო მოუხდა, რის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.





