imedi
ივანკა ტრამპმა თეთრ სახლში მუშაობის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა
მსოფლიო

ივანკა ტრამპი მეუღლესთან ერთად
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებას ოფიციალურად ადასტურებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი თეთრ სახლში უხელფასოდ იმუშავებს, მისი სამუშაო კაბინეტი კი ადმინისტრაციის დასავლეთ ფლიგელში განთავსდება.
"რადგანაც ადმინისტრაციის თანამშრომელი არ ვარ, საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია პრეზიდენტისთვის ჩემ მიერ მიცემული რჩევებით. იმისთვის, რომ ეთიკური პრობლემები არ იყოს, გადავწყვიტე თეთრ სახლში მუშაობა უხელფასოდ დავიწყო," - განაცხადა ივანკა ტრამპმა.
ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპს, საპრეზიდენტო კამპანიიდან მოყოლებული, აქტიურად ეხმარებოდა. პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ კი ივანკა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, არაერთ მნიშვნელოვან ოფიციალურ შეხვედრას დაესწრო.
ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, ამერიკული პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ახალი პრეზიდენტის რეზიდენციის დიასახლისი არა ტრამპის მეუღლე მელანია, არამედ მისი შვილი ივანკა გახდებოდა.





