imedi
აშშ-ის სენატი მონტენეგროს ნატო-ში შესვლას მხარს უჭერს
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მწვანე აუნთო. სენატის 97 წევრმა 2-ის წინააღდეგ, ნატო-ში მონტენეგროს შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემდეგი ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერაა.
სენატის ორმა რესპუბლიკელმა რანდ პოლმა და მაიკ ლიმ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს რატიფიცრებას, აცხადებენ თუ რამდენად სჭირდება ალიანსს ქვეყანა, რომელსაც 2 000 სამხედრო ჰყავს. მათი განცხადებით, ამერიკელელები არ არიან ვალდებულები ასეთი პატარა ქვეყნის დასაცავად საკუთარი ჯიბიდან იხადონ გადასახადები.
ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით ნატო-ს გაფართოებას რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ შერბილებულია, მისმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას. როგორც ცნობილია, გასულ კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სენატს მონტენეგროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საექსპერტო წრეებში აცხადებენ, რომ სენატისა და თეთრი სახლის მხრიდან მონტენეგროს მხარდაჭერა რუსეთის მისამართით გაგზავნილი მკაცრი მესიჯია, რომ დასავლეთი რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ჩაგვრას არ შეეგუება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის შეხვედრა 30 მარტს, ბრიუსელშია დაგეგმილი. შეხვედრაზე განსახილველი საკითხები უცნობია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეხვედრაზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების შესახებ მკვეთრი განცხადებები გაკეთდება.





