imedi
რომის პაპი ევროკავშირს აფრთხილებს
მსოფლიო

რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპ ფრანცისკეს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა შეიძლება არსებობა შეიწყვიტოს იმის გამო, რომ არ გააჩნია მომავლის ახალი ხედვა, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.
ამის შესახებ პონტიფიკოსმა რომში, ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომელიც ბლოკის დაფუძნების მე-60 წლისთავს ეძღვნება.
პაპის აზრით, ეკონომიკური და მიგრაციული პრობლემები ევროკავშირში, ასევე პოპულიზმის ზრდა, გადაულახავი არ არის, თუმცა ისინი ფატალური აღმოჩნდება, თუკი ევროპა მათ არ უმკურნალებს.
"როდესაც სხეული კარგავს მიმართულების გრძნობას და წინ ვეღარ იყურება, ის რეგრესს განიცდის და საბოლოო ჯამში, შეიძლება მოკვდეს", - თქვა პონტიფიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ ექვსმა ქვეყანამ, რომელმაც 1957 წელს დააფუძნა ევროკავშირი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომავლის იმედის დემონსტრირება მოახდინა.
"ევროპული სიცოცხლისუნარიანობის პირველი ელემენტი უნდა გახდეს სოლიდარობა", - განაცხადა ფრანცისკემ.
25 მარტს, რომში საზეიმოდ აღინიშნება რომის ხელშეკრულების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. დოკუმენტი, რომელსაც 1957 წელს ხელი მოაწერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა, ევროპული ეკონომიკური კავშირის შექმნის საფუძველი გახდა.





