imedi
ივანკა ტრამპი თეთრ სახლში უხელფასოდ იმუშავებს
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი ივანკა ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი ივანკა თეთრ სახლში იმუშავებს, სადაც მას საკუთარი კაბინეტი ექნება, - იუწყება BBC თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ტრამპის 35 წლის შვილის კაბინეტი თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში იქნება, მას ექნება წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და სამთავრობო ტელეფონზე. იმავდროულად, ოფიციალური თანამდებობა და ხელფასი ივანკა ტრამპს არ ექნება. ის მიეხმარება თავის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს, რომელიც პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია.
ივანკა ტრამპი ხშირად ესწრება პრეზიდენტის ღონისძიებებს, როგორც ეს იყო 17 მარტს, თეთრ სახლში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სტუმრობის დროს.
ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, ამერიკული პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ახალი პრეზიდენტის რეზიდენციის დიასახლისი არა ტრამპის მეუღლე მელანია, არამედ მისი შვილი ივანკა გახდებოდა.
ბოლო ინფორმაციით, ამერიკის პირველი ლედი და მისი ათი წლის შვილი ბერონი თეთრ სახლში საცხოვრებლად ივნისში გადადიან. ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში ბერონისთვის სკოლაც შეარჩიეს.





