გერმანიამ კიბერთავდასხმების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა
მსოფლიო

გაზეთ Welt am Sonntag-თან საუბარში გერმანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა არნე შენბომმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად სამსახური სრულ მზადყოფნაშია. „ჩვენ ყოველდღიურად ვამოწმებთ სამთავრობო ვებგვერდებზე შეტევებს. კიბერთავდასხმის მსხვერპლია ასევე სხვა პოლიტიკური ინსტიტუტები,“ - განაცხადა შემბომმა.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ჰაკერთა ჯგუფმა, რომელმაც თურქეთის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა, არაერთი Twitter-ექაუნთი გატეხა. მათ შორისაა უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International, აშშ-ში UNICEF-ის და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განყოფილებები. კიბერთავდასხმების მსხვერპლი გახდა ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ევროპარლამენტის, კომპანიების Nike, Starbucks და Volkswagen-ის, ჟურნალ Forbes-ის ვებგვერდები. ჰაკერების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებში ნაცისტური გერმანიის სიმბოლოები და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლებიდან ნაწყვეტები იყო. ამასთან, მითითებულია თარიღი 16 აპრილი. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმაზე რეფერენდუმი.
გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა სტამბულში თურქული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტის დენიზ იუსელის დაპატიმრების შემდეგ გაფუჭდა. მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი და ტერორიზმის პროპაგანდაში მონაწილეობა. მერკელმა თურქეთის ხელისუფლებას იუსელის გათავისუფლება და მედიის თავისუფლების დაცვა მოსთხოვა.
ამის შემდეგ იყო გერმანელების მიერ თურქეთის იუსტიციის მინისტრისთვის, ქალაქ ჰეგენაუში გერმანიაში მცხოვრებ თურქ მოსახლეობასთან შეხვედრის გაუქმება. შეხვედრაზე მინისტრს აპრილში, თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ უნდა ელაპარაკა. თანდათან სიტუაცია სულ უფრო გამწვავდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში მისი მხარდამჭერი აქციების აკრძალვა ნაცისტების ქმედებას შეადარა. თურქეთს ურთიერთობა დაეძაბა ჰოლანდიასთანაც, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია-შეხვედრები იყო დაგეგმილი. ჰოლანდიამ ეს შეხვედრები გააუქმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს კი აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცა. ერდოღანმა ჰოლანდიელებსაც ფაშისტები უწოდა, მოგვიანებით კი ბანანის რესპუბლიკადაც მოიხსენია.





