imedi
ბრაზილიელები მკვლელი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას აპროტესტებენ
მსოფლიო

BBC-ს ცნობით, ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი Boa Esporte დიდ სკანდალში გაეხვია, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა კონტრაქტს მეკარესთან, რომელიც 2010 წელს დამნაშავედ ცნეს თავისი მეგობარი ქალის მკვლელობისთვის.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე კვირაში ბრუნო ფერნანდესმა საფეხბურთო დივიზიონთან Boa Esporte კონტრაქტს ხელი მოაწერა.
2013 წელს მას მკვლელობისთვის 22 წელი მიუსაჯეს. ბრალი დასდეს ელიზა სამუდიოს გატაცებასა და მკვლელობაში, თუმცა აპელაციის მოლოდინში გაათავისუფლეს.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ფერნანდესმა, რომელიც იმ მომენტისთვის ცოლიანი იყო, გადაწყვიტა მეგობარი ქალი მოეცილებინა. ფერნანდესი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა ის დამნაშავედ ცნეს არამარტო ქალის გატაცებაში, არამედ ცხედრის გადამალვასა და ბავშვის გატაცებაში.
იმ ფაქტმა, რომ ფეხბურთელმა მისჯილი ვადის მხოლოდ ნაწილი მოიხადა და ამჟამად საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას გეგმავს, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.
აქტივისტებმა საფეხბურთო კლუბის ვებგვერდი გატეხეს და გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამენ, თუ როგორი მაღალია ბრაზილიაში ქალების მკვლელობების რიცხვი.





