imedi
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ფსევდონიმის გამოყენებაში ამხილეს
მსოფლიო

რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 2008 წლიდან 2015 წლამდე ნავთობკომპანია ExxonMobil-ის მაღალჩინოსნებთან მიმოწერისთვის ფსევდონიმს იყენებდა და მიმოწერას უეინ ტრაკერის სახელით აწარმოებდა. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
სახელმწიფო მდივნის გამოგონილი სახელი ნიუ-იორკში მიმდინარე სასამართლო განხილვის დროს ამოტივტივდა, სადაც ExxonMobil-ის წინააღმდეგ რამდენიმე ინვესტორის სარჩელს განიხილავენ. მოსარჩელეები ნავთობკომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ. ადვოკატებმა კომპანიის მაღალჩინოსნების მიმოწერის იმ ნაწილის გასაჯაროება მოითხოვეს, რომელიც ნავთობბიზნესზე გლობალური დათბობის გავლენას ეხებოდა. სწორედ ამ მიმოწერის გასაჯაროების დროს გამოჩნდა სახელი უეინ ტრაკერი.
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, ტილერსონი ფსევდონიმს იმ რისკების განსახილველად იყენებდა, რომლებიც კლიმატის გლობალურ დათბობას ეხება.
ერთ-ერთი ეკოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელი ჯემი ჰენი, რომელიც ამ სასამართლო განხილვაში მონაწილეობს, ამბობს, რომ გამოგონილი სახელით მიმოწერა თავისთავად ეჭვს ბადებს. „თუკი მას დასამალი არაფერი ჰქონდა, რატომ იყენებდა ფსევდონიმს?“ - განაცხადა ეკოლოგიური ორგანიზაციის წევრმა.
რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნობამდე ამერიკული ნავთობკომპანია Exxon Mobil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. გასული წლის დეკემბერში ტილერსონმა კომპანიიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზა. ტრამპმა ტილერსონს მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერი უწოდა.





