imedi
ფრანსუა ფიიონს ბრალი წაუყენეს
მსოფლიო

ფრანგული მედიის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატს და საფრანგეთის ყოფილ პრემიერმინისტრ ფრანსუა ფიიონს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ფიიონს პროკურატურა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედავება, რაც მისი მეუღლის და შვილების ფიქტიურ დასაქმებასთან არის დაკავშირებული.
DEMAIN DANS "LE CANARD"
— @canardenchaine (@canardenchaine) March 14, 2017
Fillon a été mis en examen dès le 14 mars au matin pour détournement de fonds publics, ABS, etc
სკანდალი ფრანსუა ფიიონის და მისი მეუღლის ირგვლივ სატირული ჟურნალის Canard Enchaine-ის სტატიის გამოქვეყნებით დაიწყო. გამოცემის ცნობით, პენელოპა ფიიონი რვა წლის განმავლობაში იღებდა ფულს, როგორც დეპუტატ ფრანსუა ფიიონის თანაშემწე. ოჯახის წევრების მთავრობაში დასაქმება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუკი სამუშაო ფიქტიური არ არის.
მოგვიანებით, იგივე ბრალდება გაჩნდა ფიიონის შვილებთან დაკავშირებით. Canard Enchaine-ი წერდა, რომ შვილები სენატორ მამასთან თანაშემწეებად ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები და ანაზღაურების სახით სულ 84 ათასი ევრო მიიღეს.
თავად ფიიონი ყველა ბრალდებას უარჰყოფს, კამპანიას პოლიტიკური მკვლელობის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ ჩამოშორდება.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გაიმართება. მთავარი კანდიდატები, ფიიონის გარდა, არიან "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, რომლის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება, და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი.





