imedi
გაზპრომი ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა
მსოფლიო

"გაზპრომი" მზად არის შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები, რომელიც კომპანიას ანტიმონოპოლიურ საქმესთან დაკავშირებით დაუწესა. ინფორმაციას ევროპის კომისია ავრცელებს.
კომპანიამ აიღო ვალდებულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის რეექსპორტის საკითხის მოგვარებაზე. ასევე, "გაზპრომი" ამ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებებიდან ამოიღებს საწვავის თავისუფლად მიწოდების შეზღუდვის პირობასაც.
ევროპის კომისიის განცხადების თანახმად, "გაზპრომი" დათანხმდა ბულგარეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ფასთა რეგულირების სქემის გადახედვასაც. კომისიის თანახმად, "გაზპრომი" აღარ დაუწესებს ბულგარეთს სანქციებს "სამხრეთის მილსადენის" პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.
იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე ვალდებულებებს დაარღვევს, "გაზპრომი" მისი შემოსავლის 10%-ის ოდენობით დაჯარიმდება.
პროცედურის მიხედვით, დათმობებზე წასულ "გაზპრომს" ევროპის კომისიამ მისი მომხმარებელი ქვეყნებისგან, 7 კვირის ვადაში, საპასუხო შეთავაზებები უნდა მიაწოდოს.
ევროკომისიამ "გაზპრომის" წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ ის აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა. ევროკომისია "გაზპრომს" გაზრდილ ფასებსაც ედავებოდა.
თებერვლის დასასრულს, ცნობილი გახდა, რომ "გაზპრომი" ევროკავშირისთვის გაზის საფასურის გაზრდას აპირებს. თუმცა, როგორ შეიცვლება მდგომარეობა ევროკომისიის მიერ მიღებული და "გაზპრომის" მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.





