თურქეთმა ჰოლანდიის ელჩს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
მსოფლიო

თურქეთის ვიცეპრემიერის ჰუმან ქურთულმუშის განცხადებით, ჰოლანდიის ელჩს თურქეთში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
"ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც ჰოლანდიელებმა გაგვიკეთეს. ეს კრიზისი მათ შექმნეს და მათვე უნდა გამოასწორონ," - ამბობს თურქეთის ვიცეპრემიერი.
ვიცეპრემიერის თქმით, გაუქმდა ყველა მაღალი დონის შეხვედრა ჰოლანდიის წარმომადგენლებთან, ასევე, ჰოლანდია-თურქეთს შორის აღარ შესრულდება არც ერთი დიპლომატიური რეისი.
ქურთულმუშმა თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, ანკარასა და ამსტერდამს შორის დადებული ყველა მეგობრული შეთანხმება გააუქმოს.
11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა არ მისცა, ხოლო მოგვიანებით თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.
დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკაც უწოდა. მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ამსტერდამი ქვეყანაში თურქი მინისტრების არშეშვების ფასს გადაიხდის.





