ნათია ჩაჩავა
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეა მასობრივმა აქციებმა მოიცვა
მსოფლიო

სეული
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამხრეთ კორეა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, დემონსტრაცია რამდენიმე ქალაქში იმართება.
სეულის ქუჩებში პრეზიდენტ პაკ კინ ხეს მხარდამჭერებისა და მოწინაამდეგეების მიტინგი გაიმართა. აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებაც. ტელეკომპანია CNBC-ის ცნობით, დედაქალაქის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაკეტილია მთავარი ქუჩები. დემონსტრანტებმა მაგისტრალებზე ბარიკადები აღმართეს. ვითარების განმუხტვას პოლიცია და სპეცრაზმი ცდილობს.
პრეზიდენტის გადაყენების მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი ქალი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებს. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი პაკ კინ ხე, თანაშემწესთან ერთად სარფიანი გარიგებების სანაცვლოდ, კომპანია Samsung-ის ვიცე პრეზიდენტისგან სოლიდურ თანხას იღებდა. 2016 წლის ოქტომბერში სამხრეთკორეულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა, ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის ჩხვე სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული გადარიცხეს. პრესის მტკიცებით, პრეზიდენტის მეგობარი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანმდებობა არ ეკავა, ერეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეებში და კავშირების გამოყენებით მნიშვნელოვან სარგებელს იღებდა.





