imedi
გერმანიის კანცლერს მოსკოვში ელოდებიან
მსოფლიო

ანგელა მერკელი
რუსული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერს მოსკოვში ელოდებიან. მერკელი ვლადიმერ პუტინმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან შეხვედრისას დაპატიჟა.
გაბრიელი მოსკოვში ვიზიტით იმყოფება და მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
"ჩვენ გვესმის, რა მდგომარეობაშია ჩვენი ურთიერთობები. ჩემი აზრით, ჩვენი საერთო ამოცანა, ურთიერთობების სრულად ნორმალიზებაა, ხოლო ყველა სირთულე, რომელიც გვაქვს, გადაწყდება", - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასთან რუსეთი მუდმივად თანამშრომლობს.
"ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე ევროპაში", - თქვა ზიგმარ გაბრიელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გაბრიელმა ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ერთადერთი შანსი, შეხების საერთო წერტილების მოძებნის მცდელობაა. "კრიტიკულ წერტილს მივღწიეთ... შეიძლება ესკალაციის გაგრძელება, თუკი მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით შემოვიფარგლებით. უნდა შევეცადოთ იმის გაგებას, თუ რა ხდება სხვა მხარეს, სხვისი ინტერესები უნდა გავიგოთ და გავიზიაროთ", - განაცხადა მინისტრმა.
ანგელა მერკელის შესაძლო ვიზიტი მოსკოვში არ ნიშნავს გერმანია-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კონსულტაციების აღდგენას, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. "ეს მექანიზმი ჯერჯერობით შეჩერებულია", - თქვა მან.





