imedi
კიევი და მოსკოვი დავას ჰააგის სასამართლოში განაგრძობენ
მსოფლიო

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის წინაღმდეგ 6 მარტს დაიწყო. უკრაინულ დელეგაციას ჰააგაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელენა ზერკალი ხელმძღვანელობს.
უკრაინა მოსკოვს ბრალს სდებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, პროპაგანდაში, დაშინებაში, პოლიტიკურ კორუფციასა და კიბერთავდასხმებში. კიევს მიაჩნია ასევე, რომ რუსეთი ყირიმში ყირიმელი თათრების და უკრაინელების დისკრიმინაცის ახდენს.
8 მარტს სასამართლოში კიევის არუმენტების მოსმენაა, 9 მარტს - მოსკოვის. თავად პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმის განხილვის საშუალო ვადა ოთხი წელია.
გაზეთ Европейская правда-ს ცნობით, კიევმა გადაწყვიტა დონბასში კონფლიქტის დაწყების დღიდან რუსეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო მიმოწერა სრულად გადასცეს გაეროს სასამართლოს. გამოცემა ინფორმაციას ამერიკელ ადვოკატზე დავიდ ზიონცზე დაყრდნობით ავრცელებს. ზიონცი ჰააგაში უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელია.
ადვოკატის თქმით, კიევმა გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დაამტკიცოს რუსეთის ბრალდებების სიცრუე, თითქოს კიევს მოსკოვის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ გამოუთქვამს.
უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, როდესაც დონეცკის და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში კიევში ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. კიევს მიაჩნია, რომ დაპირისპირება მოსკოვის ინსპირირებულია.





