imedi
ესპანეთში თაღლით დედ-მამას მშობლის უფლება ჩამოერთვათ
მსოფლიო

ესპანეთის სასამართლომ მშობლებს, რომლებიც შვილის ავადმყოფობას სოლიდური თანხების შეგროვების მიზნით იყენებდნენ, მშობლის უფლებები ჩამოართვა. ინფორმაციას El Pais-ს ავრცელებს, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
ესპანეთის პროკურატურამ საეჭვოდ მიიჩნია 11 წლის გოგოს მშობლების მიერ 150 ათასზე მეტი ევროს რამდენიმე დღეში შეგროვება, რომელიც თითქოსდა შვილის ოპერაციისთვის სჭირდებოდათ. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მშობლები მოტყუებით სძალავდნენ ხალხს ფულს. ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოგროვების საბაბით, მათ ბავშვის ფოტო სოციალურ ქსელში დადეს, და რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობაც განახორციელეს.
გამოძიების პროცესში, სხვა გარემოებებიც გაჩნდა, როდესაც სამართალმდაცველებმა სახლიდან ბავშვის სექსუალური ხასიათის მქონე ფოტოები ამოიღეს. თუმცა მშობლები ამ ფაქტს უარყოფენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მშობლებმა თაღლითური გზით 918 ათას ევრომდე მიითვისეს.
11 წლის ბავშვს ტრიჰოთიოდისტროფია სჭირს. დაავადება გამოიხატება სინათლეზე მგრძნობელობაში, ინტელექტუალური განვითარების დარღვევაში, თმის ცვენაში და ა.შ. სოციალურმა სამსახურმა ბავშვი ნათესავებთან გაგზავნა საცხოვრებლად.
ბავშვის მამა დაკავებულია, სასამართლომ თავისუფლების სანაცვლოდ მას 1.2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება დედას, ის თავისუფალია და შვილის ნახვის უფლება კვირაში ერთხელ, მესამე პირის თანხლებით აქვს.





