imedi
მერკელი: ერდოღანის სიტყვებს არანაირი გამართლება არ აქვს
მსოფლიო

ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებს ნაციზმზე "არანაირი გამართლება არ აქვს", - წერს Reuters-ი.
მერკელის თქმით, ერდოღანის გამონათქვამები აუფასურებს იმ ადამიანების უდიდეს ტანჯვას, რომლებიც ნაციზმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ემსხვერპლნენ. იმავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა, რომელიც ერთგულია პრესის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ღირებულებების, ხელს არ შეუშლის თურქი პოლიტიკოსების აგიტაციას გერმანიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ, ვიდრე ისინი პატივს სცემენ გერმანულ კანონებს.
5 მარტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი მხარდამჭერი აქციების აკრძალვა გერმანიაში ნაცისტების ქმედებას შეადარა. "თქვენ არაფერი გაქვთ საერთო დემოკრატიასთან, და უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დღევანდელი ქმედებები არაფრით განსხვავდება ნაცისტების ქმედებებისგან", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში მიტინგზე გამოსვლისას.
მანამდე, გერმანიის ხელისუფლებამ ადგილობრივი თურქული თემის ორი მიტინგი აკრძალა მას შემდეგ, რაც თურქეთში გერმანიის მოქალაქე თურქი ჟურნალისტი დააკავეს, რომელსაც ერდოღანმა "გერმანიის აგენტი" უწოდა.





