საფრანგეთი კიბერსაფრთხის გამო ელექტრონულ არჩევნებზე უარს ამბობს
მსოფლიო

საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიბერსაფრთხის მაღალი რისკის გამო, ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურის გარეშე ჩაატაროს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
ელექტრონული კენჭისყრა უცხოეთში მცხოვრები ფრანგებისთვისაა განსაზღვრული. პირველად ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენეს. პროცედურამ წარმატებით, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის არ გამოუყენებიათ და არც აპირებდნენ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილ-მაისში ტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე "კიბერშეტევების უკიდურესად მაღალი რისკის გამო, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას".





