სტოლტენბერგი: რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის მზად არის
მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი
რუსეთი მზად არის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა DW-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მაგალითად იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოიყვანა.
„მოსკოვს ასევე განთავსებული ჰყავს ჯარები მოლდოვაში ამ ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს არის რუსეთის მოქმედების სქემა, რომელსაც ის მრავალი წელია მიჰყვება და რასაც პასუხი უნდა გაეცეს“, - განმარტა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის გაზრდილი სამხედრო შესაძლებლობების გამოც. „ჩვენ რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ ვპასუხობთ. ჩვენ ტანკზე - ტანკით, რაკეტაზე - რაკეტით, ან ბირთვულ იარაღზე - ბირთვული იარაღით არ ვპასუხობთ, თუმცა საჭიროა უზრუნველვყოთ ნატოს ადაპტირება, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ, თანამედროვე აღჭურვილობაში. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და რუსეთის იზოლაცია. ალიანსი თავდაცვასა და დიალოგს შორის ბალანსს ეძებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ლიეტუვაში რუსეთის შეჭრის ალბათობა დაუშვა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემაც გერმანულ ჟურნალ Spiegel-თან ინტერვიუში და ასეთ შემთხვევაში თავდაცვის მზადყოფნის შესახებ განაცხადა.





