ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებს
მსოფლიო

გადი აიზენკოტი
Reuters
ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციური პარტია „იაშადის“ ლიდერსა და ცაჰალის გენერალური შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, გადი აიზენკოტს დაავალებს. სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში მანდატი მას დღეს, 8 ნოემბერს გადაეცემა. ამის შემდეგ აიზენკოტს მმართველი კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა ექნება, რომელსაც პრეზიდენტმა შესაძლოა კიდევ 14 დღე დაამატოს.
ჰერცოგმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტარებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. აიზენკოტმა 67 დეპუტატის რეკომენდაცია მიიღო, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - 46. თუ აიზენკოტი დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, მანდატი შესაძლოა ნეთანიაჰუს გადაეცეს.
27 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა (რომლისთვისაც კნესეტის 120 ადგილიდან 61 მანდატია საჭირო) ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ მეთაურობით არსებულმა მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა და 53 მანდატი მიიღო, ხოლო „იაშადის“ ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა - 48.
პროცესის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ორ არაბულ პარტიაზე, რომლებმაც სარეკორდო 19 მანდატი მოიპოვეს. აქამდე აიზენკოტი მათთან ალიანსის შექმნაზე უარს ამბობდა.
თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნის მოწოდება გააკეთა, რათა ქვეყნის მართვაში არაბული პარტიების მონაწილეობა არ დაუშვას. არაბი ისრაელელები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს შეადგენენ.





