imedi
ფრანსუა ფიიონი: ვერავინ შემაჩერებს
მსოფლიო

ფრანსუა ფიიონი პენელოპა ფიიონი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი პარტია "რესპუბლიკელებიდან" და ყოფილი პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი აცხადებს, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეაცვლევინებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია France 2-ის ეთერში განაცხადა.
ფიიონის თქმით, ის კანდიდატად დემოკრატიულად აირჩიეს, მისი კამპანია, ხარვეზების მიუხედავად, გრძელდება, ასე რომ, ვერავინ აიძულებს მოხსნას კანდიდატურა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი "რესპუბლიკელებს" პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს, რადგან ახალი კანდიდატის დაყენება არჩევნებამდე 50 დღით ადრე, მარცხის ტოლფასია.
ფიიონის მხარდასაჭერად დღეს პარიზში, ტროკადეროს მოედანზე, ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა.
5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიიონის თანაპარტიელები მისი კანდიდატურის შეცვლაზე დაფიქრდნენ და ახალ კანდიდატად თითქოს ყოფილ პრემიერმინისტრს ალან ჟუპეს განიხილავდნენ.
საფრანგეთის პროკურატურა ფიიონის ოჯახისთვის უკანონო გადარიცხვების საქმეს იძიებს. თავიდან საქმეში მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლი პენელოპა ფიგურირებდა, თუმცა, მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოები მათი შვილების შემოსავლებითაც დაინტერესდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატს და ყოფილ პრემიერმინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ ცოლი და შვილები ფიქტიურად დაასაქმა და ხელფასის სახით ბიუჯეტის ფულს უხდიდა. ფიიონი ბრალდებებს უარყოფს. სკანდალის ფონზე, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გაიმართება. მთავარი კანდიდატები, ფიიონის გარდა, არიან "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, რომლის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება, და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი.





