ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი. BBC-ის ცნობით, ვიზიტის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა უკვე ცნობილი ხდება, რომ ბორის ჯონსონი რუსეთის დედაქალაქში სავარაუდოდ მარტის ბოლოს ჩავა.
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი მოსკოვში ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. მოლაპარაკების თემა იქნება ასევე უკრაინა და სირია, სადაც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.
„პრემიერიმინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნათლად მიანიშნეს, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ განისაზღვრება შემდეგი ფორმულით „ ურთიერთქმედება, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილე“-ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
BBC-ის კორესპონდენტთან საუბარში ბრიტანეთის საგარეო უწყების წყარომ განაცხადა, რომ ჯონსონი ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთთან არ აპირებს. „ლავროვთან მოლაპარაკებების დროს მან მიანიშნა, რომ გადატვირთვა შეუძლებელი იქნება, სანამ რუსეთი თავის კურსს არ შეცვლის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა,“-დასძინა წყარომ. მისივე თქმით, ეს მარტივი ვიზიტი არ იქნება.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის თემთა პალატამ ქვეყნის საგარეო უწყება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას საკმარის დროს არ უთმობს.





