imedi
სოლომონის კუნძულებზე 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მსოფლიო

სოლომონის კუნძულებზე 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო RIA ამერიკის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს. მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას კუნძულ ბუგენვილის სიახლოვეს დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სოლომონის კუნძულებზე წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი სარტყელი“ გადის, ეს არის ვულკანური და ტექტონიკური ზონა, რომელიც 40 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული. სარტყელი მოიცავს წყნარ ოკეანეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროების გასწვრივ, შემდეგ გრძელდება იაპონიის, ფილიპინების და ინდონეზიის სანაპიროებისკენ და ახალ ზელანდიასთან მთავრდება.
სწორედ ამ „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს პლანეტის ცნობილი ვულკანების უმეტესობა. აქვე ფიქსირდება დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრების 90%-ი.





