imedi
კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალაიზიას შეთქმულებაში ადანაშაულებს
მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის კიმ ჩენ ინის ძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული, ამბობს, რომ მალაიზიის ხელისუფლების მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლია. ამის შესახებ BBC-ი წერს. ეჭვმიტანილის თქმით, მისი დაკავება ჩრდილოეთ კორეის „ღირსების შელახვას“ ემსახურებოდა. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მალაიზიის ხელისუფლებამ არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო დაკავებული რი ჩენ ჩოლი გაათავისუფლა. მას ჩრდილოეთ კორეაში საიმიგრაციო კანონის დარღვევისთვის დააბრუნებენ.
გათავისუფლების შემდეგ პეკინში გამართულ ბრიფინგზე ყოფილმა ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მას აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. „თუკი ყველაფერს ვაღიარებდი, მალაიზიაში კარგ ცხოვრებას მპირდებოდნენ,“- განაცხადა რი ჩენ ჩოლმა. როგორც დაკავებული ამბობს, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ "ეს ხაფანგი იყო".
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი ქალი, ინდონეზიის და ვიეტნამის მოქალაქეები, პოლიციამ მალევე დააკავა. მალაიზიის საგამოძიებო სტრუქტურები მკვლელობის მონაწილეობაში ჩრდილოეთ კორეის 7 მოქალაქეს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. ამასთან, მალაიზიაში არ ამბობენ, რომ მკვლელობა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დაგეგმა, თუმცა დანაშაულის უკან ამ ქვეყნის მოქალაქეები დგანან.
კინ ჩენ ნამის მკვლელობის შემდეგ მალაიზიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.





