ბარაკ ობამა აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება
მსოფლიო

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ემზადება, - იუწყება Politico ობამას მეგობარზე და აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ერიკ ჰოლდერზე დაყრდნობით. "ის მოდის. ის უკვე მზადაა", - თქვა ჰოლდერმა.
მისი თქმით, ის ობამასთან ერთად განიხილავდა იმას, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის "დემოკრატიულ პარტიას" საარჩევნო ოლქების გადანაწილებაში, რომელსაც ჰოლდერი შარშან სათავეში ჩაუდგა.
ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, ობამა აქტიურად ჩაერთვება კომიტეტის მუშაობაში, რომლის საბოლოო მიზანია "დემოკრატების" პოზიციების განმტკიცება საკანონმდებლო ორგანოებსა და წარმომადგენლობით პალატაში.
კომიტეტი ეგრეთ წოდებულ "ჯერიმენდერინგს" ებრძვის. "ჯერიმენდერინგი" საარჩევნო ოლქების გამიჯვნის პროცესია, რომლის დროსაც ხელოვნურად იცვლება პოლიტიკური ძალების თანაფარდობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რესპუბლიკელების სასარგებლოდ. ამ ბრძოლას ჰოლდერი "დემოკრატიისთვის ბრძოლას" უწოდებს.
ყოფილი პროკურორის აზრით, მომავალ წელს, შტატების საკანონმდებლო ორგანოების შუალედურ არჩევნებში, როგორც ჩანს, ჩვეული სქემა შენარჩუნდება. "მაგრამ ტრამპის შემთხვევაში, ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გაზვიადდება", - აღნიშნა მან.





