imedi
მარინ ლე პენი ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
მსოფლიო

მარინ ლე პენი
საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლასა და მართლმსაჯულების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ინფორმაციას ფრანგული გამოცემა LCP ავრცელებს.
ლე პენის თქმით, კონკრეტული სასამართლო პროცედურების აჩქარებისა თუ შენელების ტემპები დიდ გავლენას ახდენს საარჩევნო კამპანიაზე.
ლე პენის განცხადებით, ადამიანი გულუბრყვილო უნდა იყოს, რომ ვერ შენიშნოს როგორი ზეგავლენაა პროკურატურის მხრიდან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეების საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, იუსტიციის ზეგავლენაზე მიანიშნებს.
ლე პენის პარტიის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება მიმდინარეობს. პარტიას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ. 1 მარტს, მარინ ლე პენის დეპუტატის იმუნიტეტიც მოუხსნეს.
გუშინ დააკავეს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრემიერ მინისტრის ფრანსუა ფიიონის ცოლი პენელოპა ფიიონი. ყოფილ პრემიერ მინისტრს და საპრეზიდენტო კანდიდატს იმაში ადანაშაულებენ, რომ ცოლი და შვილები ფიქტიურად დაასაქმა და ხელფასის სახით ბიუჯეტის ფულს უხდიდა. ფიიონი ბრალდებებს უარყოფს და არც საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვას აპირებს.





