აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დილან ჯონსონმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გადადგომისთვის ემზადება.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს.
ჯონსონი ამ ინფორმაციის გავრცელებაში The Independent-ის კორესპონდენტს ენდრიუ ფაინბერგს ადანაშაულებს.
„ეს სრულიად უსაფუძვლო ყალბი ამბავია, რომელიც გამოგონილ, ანონიმურ „წყაროებს“ ეყრდნობა. გასაკვირი არ არის, რომ ამ შეთხზულ სიცრუეს ენდრიუ ფაინბერგი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა.
მოუთმენლად ველით, რომ მომდევნო კვირებში ამ „პუბლიკაციას“ კვლავ დავუბრუნდებით და The Independent-ის მორიგი სამარცხვინო თვითმიზნის აღნიშვნას შევძლებთ“, - დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში.





