ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: მომავალი ზამთარი ბევრი ევროპელისთვის მძიმე იქნება, 50 მილიონზე მეტ ადამიანს კი საკუთარი სახლის სათანადოდ გათბობის შესაძლებლობა არ ექნება
მსოფლიო

დან იორგენსენი
EPA
მომავალი ზამთარი ბევრი ევროპელისთვის მძიმე იქნება, 50 მილიონზე მეტ ადამიანს კი საკუთარი სახლის სათანადოდ გათბობის შესაძლებლობა არ ექნება. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებშ ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის კულუარებში განაცხადა.
„ზამთარი ბევრი ევროპელისთვის რთული იქნება - ეს ჩვენ კარგად გაცნობიერებული გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 50 მილიონამდე ევროპელი ვერ ახერხებს სახლების სათანადოდ გათბობას ევროპაში ენერგომატარებლებზე არსებული მაღალი ფასების გამო“, - აღნიშნა მან.
„წელს ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სირთულეების შემსუბუქებისთვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მკაფიო გზავნილს ვუგზავნი: გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია, რათა რაც შეიძლება სწრაფად თქვათ უარი წიაღისეულ საწვავზე. ეს ნიშნავს მეტ ფოკუსირებას განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაზე, ელექტროფიკაციის ხელშეწყობას გაზისა და ნავთობის ქვაბების ელექტროთბური ტუმბოებით ჩანაცვლებით, ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლას. ეს ის ღონისძიებებია, რომელთა მხარდაჭერაც შესაძლებელია და რომელთაც, მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი, ხელშესახები ცვლილებების მოტანა შეუძლიათ“, - დაასკვნა იორგენსენმა.
„ჩვენ ამ კრიზისთან გამკლავებისთვის უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე 2022 წელს ვიყავით, რადგან ბუნებრივი აირის მოხმარება 18 პროცენტით შევამცირეთ. გარდა ამისა, მოვახდინეთ მომწოდებლების დივერსიფიკაცია. წარსულში გაზის 45 პროცენტს რუსეთისგან ვყიდულობდით - ვითარება, რაც უკიდურესად მოწყვლადს გვხდიდა. ახლა კი მარაგებს მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლისგან ვიღებთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიცვალა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს კრიზისი უფრო სერიოზულია, რადგან ის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც ეხება“, - დასძინა იორგენსენმა.
„გასულ ზაფხულს ჩვენ ავიასაწვავის მიწოდების უსაფრთხოების რისკები გამოვავლინეთ. ამჟამად მსგავსი სიტუაციის წინაშე არ ვდგავართ და მიწოდების კრიზისს არ ვპროგნოზირებთ. თუმცა, მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს მინისტრებთან წამოვწევ, ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მიწოდების კრიზისი ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გაჭირვებაში არიან - ვისაც არ აქვს საშუალება იყიდოს ბენზინი მანქანისთვის ან გაათბოს სახლი - პროდუქტის ხელმისაწვდომობას აზრი არ აქვს, თუ მისი ყიდვის შესაძლებლობა არ გაჩნდა. იგივე ეხება ჩვენს ბიზნესსაც, რომელიც სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. დარწმუნებული ვარ, მინისტრები დამეთანხმებიან და სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ დამატებითი ზომები ამ მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად“, - დასძინა მან.





