AXIOS: სტივ უიტკოფი დღეს ოსლოში ჩავა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
მსოფლიო

სტივ უიტკოფი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.
მისი განცხადებით, შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, E4-ის წარმომადგენლები (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი), ევროკავშირი და ნატო.
შეხვედრის მთავარი თემა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა იქნება.
ოსლოს შემდეგ, როგორც AXIOS-ის ჟურნალისტი წერს, უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც იმედი აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ტრამპის მეორე წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი გაციებულია და ოსლოში არ ჩავა, რადგან ეშინია, რომ ვირუსი სხვებს გადასდოს. ის შეხვედრაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ტექნიკურ დონეზე აქტიურ მუშაობას ატარებდნენ, რათა ახალი წინადადებები შეემუშავებინათ, წერს ჟურნალისტი.





